ვიზები ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლებისთვის

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

ჟურნალისტური (I) ვიზა წარმოადგენს არასაიმიგრაციო ვიზას, განკუთვნილს შეერთებულ შტატებში დროებით, პროფესიული საქმიანობით მყოფი უცხოელი ჟურნალისტებისთვის, რომელთაც მთავარი ოფისი საზღვარგარეთ აქვთ. საიმიგრაციო კანონით განსაზღვრული ზოგიერთი პროცედურა და მოსაკრებელი უკავშირდება მოგზაურის მშობლიური ქვეყნის პოლიტიკას და აშშ, თავის მხრივ, იმავე პრაქტიკას მიმართავს, რასაც „ნაცვალგებას” ვუწოდებთ. გარკვეული ქვეყნების მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტური ვიზის გაცემის პროცედურები ითვალისწინებს, ანიჭებს თუ არა განმცხადებლის მთავრობა იმავე პრივილეგიებს შეერთებული შტატების მედიის წარმომადგენლებს, ანუ ნაცვალგებითია მათ მიმართ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

აშშ-ის საიმიგრაციო კანონი ძალიან სპეციფიკურ მოთხოვნებს უყენებს განმცხადებლებს, რომელთაც ჟურნალისტური ვიზის მიღება სურთ. ჟურნალისტური (I) ვიზის მისაღებად, განმცხადებლებმა უნდა აჩვენონ, რომ მათ სათანადო კვალიფიკაცია გააჩნიათ.

ჟურნალისტური ვიზები განკუთვნილია „უცხოური მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის”, მათ შორის, პრესის, რადიოს, კინო ან ბეჭდვითი ინდუსტრიის წევრებისთვის, რომელთა საქმიანობა არსებითია უცხოური მედიის ფუნქციონირებისთვის. ასეთებია, რეპორტიორები, ფილმის გადამღები ჯგუფი, რედაქტორები და მსგავსი თანამდებობის მქონე პირები, რომლებიც აშშ-ში თავიანთი პროფესიით მიემგზავრებიან, აშშ-ის საიმიგრაციო კანონის ფარგლებში. განმცხადებელი უნდა მონაწილეობდეს მედია ორგანიზაციის კვალიფიკაციურ საქმიანობაში, რომელსაც მთავარი ოფისი საზღვარგარეთ აქვს. იმისათვის, რომ ჟურნალისტური ვიზის მიღება შეძლოს, საქმიანობა, თავისი არსით, საინფორმაციო უნდა იყოს და, ზოგადად, უკავშირდებოდეს ახალი ამბების შეგროვების პროცესს, მიმდინარე აქტუალური მოვლენების გადაცემას. საკონსულოს ოფიცერი განსაზღვრავს, შეესაბამება თუ არა საქმიანობა ჟურნალისტურ ვიზას. რეპორტაჟი სპორტული მოვლენების შესახებ, ჩვეულებრივ, ჟურნალისტურ ვიზას შეესაბამება. სხვა მაგალითები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით, ჟურნალისტურთან დაკავშირებულ საქმიანობათა შემდეგ სახეებს:

  • უცხოური საინფორმაციო საშუალების ძირითადი თანამშრომლები, რომლებიც ახალი ამბების ან დოკუმენტური ფილმის გადაღებაში მონაწილეობენ.
  • საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს, რომლებიც ფილმის პროდუქციასა და დისტრიბუციაში მონაწილეობენ, ჟურნალისტურ ვიზაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი გადასაღები მასალა ინფორმაციის ან ახალი ამბების გავრცელების მიზნით იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, ფულადი სახსრების ძირითადი წყარო და განაწილება აშშ-ის გარეთ უნდა იყოს.
  • ხელშეკრულებით მომუშავე ჟურნალისტები. პროფესიული ჟურნალისტური ორგანიზაციის მიერ გაცემული მანდატის მფლობელი პირები, თუ ისინი ხელშეკრულებით მუშაობენ პროდუქტზე, რომლის გამოყენება მოხდება საზღვარგარეთ, საინფორმაციო ან კულტურული მედია საშუალების მიერ, ინფორმაციის ან ახალი ამბების გასავრცელებლად და, რომელიც არ არის განკუთვნილი კომერციული გასართობი ღონისძიების ან რეკლამისთვის. მხედველობაში იქონიეთ, რომ მოგეთხოვებათ მოქმედი შრომითი ხელშეკრულება.
  • დამოუკიდებელი პროგრამის მწარმოებელი კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც ფლობენ პროფესიული ჟურნალისტური ასოციაციის მიერ გაცემულ მანდატს.
  • უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც აშშ-ის ქსელის, გაზეთის ან სხვა მედია საშუალების საზღვარგარეთულ ოფისებში ან შვილობილ კომპანიებში მუშაობენ, თუ ჟურნალისტი აშშ-ში მიემგზავრება აშშ-ში მომხდარი მოვლენების მხოლოდ უცხოური აუდიტორიისთვის გადაცემის მიზნით.
  • ტურისტული ბიუროების აკრედიტებული წარმომადგენლები, რომელთაც სრულად ან ნაწილობრივ აკონტროლებს, მართავს ან აფინანსებს უცხოური მთავრობა, რომელთა ძირითადი საქმიანობაა ქვეყნის შესახებ ფაქტობრივი ტურისტული ინფორმაციის გავრცელება და, რომლებიც A-2 ვიზის კლასიფიკაციაში ვერ ხვდებიან.
  • ტექნიკური ინდუსტრიული ინფორმაცია. იმ ორგანიზაციათა აშშ-ის ოფისების თანამშრომლები, რომლებიც ტექნიკურ ინდუსტრიულ ინფორმაციას ავრცელებენ.

შტატგარეშე ჟურნალისტები I ვიზისთვის განიხილებიან მხოლოდ ყველა შემდეგი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ჟურნალისტი უნდა:

  • ფლობდეს პროფესიული ჟურნალისტური ორგანიზაციის მიერ გაცემულ მანდატს
  • ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს მედია საშუალებასთან
  • ავრცელებდეს ინფორმაციას ან ახალ ამბებს, რომელიც არ არის განკუთვნილი კომერციული გასართობი ღონისძიების ან რეკლამისთვის

ფოტოგრაფები, B-1 ვიზით, იმ პირობით, რომ აშშ-ის წყაროდან მოგებას არ იღებენ.

შეზღუდვები

უვიზო პროგრამის მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებმა, რომელთაც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა დროებით, პროფესიული ჟურნალისტური საქმიანობით, უცხოური საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლების სახით სურთ, თავდაპირველად, ამისთვის ჟურნალისტური ვიზა უნდა მიიღონ. მათ არა აქვთ არც უვიზო პროგრამის ფარგლებში - ვიზის გარეშე, არც სტუმრის (B კატეგორიის) ვიზით მოგზაურობის უფლება. ამის მცდელობას, შეიძლება, შედეგად მოყვეს გამშვებ პუნქტზე ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის, საბაჟოს და საზღვრის დაცვის მოხელის უარი აშშ-ში შეშვებაზე. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში აღწერილია სიტუაციები, როცა შესაძლებელია სტუმრის ვიზისან უვიზო პროგრამის გამოყენება.

მოგზაურობა სტუმრის ვიზით

სტუმრის ვიზა შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ თქვენი მოგზაურობის მიზანი შემდეგია:

კონფერენციაზე ან შეკრებაზე დასწრება
სტუმრის ვიზით შეუძლიათ იმოგზაურონ საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებმა, რომლებიც აშშ-ში კონფერენციაზე ან შეკრებაში მონაწილეობის მიზნით მიემგზავრებიან და არ გააკეთებენ რეპორტაჟს შეკრების შესახებ, არც აშშ-ში ყოფნისას და არც დაბრუნების შემდეგ. განმასხვავებელი საიმიგრაციო კანონში არის, თუ ისინი „პროფესიულ საქმიანობას ეწევიან”.

მიწვეული სტუმარი, ლექცია ან აკადემიურ საქმიანობაში მონაწილეობა
საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები უნდა ფლობდნენ სტუმრის ვიზას, თუ აშშ-ში, მათთან კავშირის მქონე ან შვილობილ არაკომერციულ ორგანიზაციაში, არაკომერციულ კვლევით ორგანიზაციაში, სამთავრობო კვლევით ორგანიზაციაში ან უმაღლეს საგანამანათლებლო ინსტიტუტში მიწვეული სტუმრის სტატუსით, ლექციის წასაკითხად ან სხვა სახის აკადემიურ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით მიემგზავრებიან, საიდანაც განმცხადებელი ჰონორარს მიიღებს. თუმცა ლექციები ერთ დაწესებულებაში ცხრა დღეზე მეტ ხანს არ უნდა გრძელდებოდეს და ლექტორს, ამგვარი საქმიანობით, ბოლო ექვსი თვის მანძილზე, ხუთზე მეტი ინსტიტუტის ან ორგანიზაციისგან არ უნდა ჰქონდეს მიღებული ჰონორარი.

მედია მოწყობილობების შესყიდვა
უცხოური საინფორმაციო საშუალებების თანამშრომლებმა სტუმრის ვიზა შეიძლება გამოიყენონ აშშ-ის საინფორმაციო მოწყობილობების ან ინფორმაციის გავრცელების უფლების შესყიდვისთვის, აგრეთვე, უცხოური საინფორმაციო მოწყობილობების ან ინფორმაციის გავრცელების უფლების თაობაზე შეკვეთის მიღებისთვის, ვინაიდან აღნიშნული საქმიანობა ექცევა ჩვეულებრივი საქმიანი ვიზიტორების საქმიანობის ფარგლებში.

შვებულება
უცხოური მედიის ჟურნალისტს შეუძლია შვებულება აშშ-ში სტუმრის ვიზით გაატაროს. ამისთვის მას არ სჭირდება ჟურნალისტური ვიზა, ვინაიდან არ გადასცემს ახალ ამბებს.

მოგზაურობა დროებითი სამუშაო ვიზით

მაშინ, როცა ზოგიერთი საქმიანობა აშკარად ჟურნალისტური ვიზის ფარგლებში ექცევა, იმის გამო, რომ საინფორმაციო და ახალი ამბების მოპოვების ხასიათი აქვს, მრავალი მათგანი ასეთი არ არის. ყოველი განაცხადი განიხილება კერძო შემთხვევის კონტექსტში. იმისათვის, რომ განსაზღვროს, თუ რამდენად შეესაბამება განმცხადებელი ჟურნალისტური ვიზის სტატუსს, საკონსულოს ოფიცერი ფოკუსირებას ახდენს იმაზე, არის თუ არა მოგზაურობის მიზანი არსებითად ინფორმაციული ხასიათის და, ზოგადად, უკავშირდება თუ არა ახალი ამბების მოპოვების პროცესს. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში აღწერილია სიტუაციები, როცა I ჟურნალისტური ვიზის ნაცვლად, საჭიროა დროებითი სამუშაო ვიზა, მაგალითად, H, O, ან P კატეგორიები.

დროებითი სამუშაო ვიზა შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ თქვენი მოგზაურობის მიზანი შემდეგია:

გადაღება კომერციული გასართობი ღონისძიების ან რეკლამისთვის
ჟურნალისტური ვიზის გამოყენება არ შეუძლიათ განმცხადებლებს, რომელთა აშშ-ში მოგზაურობის მიზანია გადაღება ან მუშაობა ფილმზე, რომელიც კომერციული გასართობი ღონისძიების ან რეკლამისთვის არის განკუთვნილი. ამ დროს საჭიროა დროებითი სამუშაო ვიზა.

წარმოების დამხმარე, მაგალითად, კორექტორი, ბიბლიოთეკარი და მხატვარი-დეკორატორი
პირებს, რომლებიც მონაწილეობენ ერთობლივ საქმიანობაში, მაგალითად, კორექტორებს, ბიბლიოთეკარებს, მხატვარ-დეკორატორებს და ა.შ. არა აქვთ ჟურნალისტური ვიზის მიღების უფლება. ისინი სხვა კლასიფიკაციაში ხვდებიან, როგორიცაა H, O, ან P ვიზები.

სასცენო ღონისძიებები, ტელევიზია და ვიქტორინები დადგმული და სცენური ღონისძიებები, თუნდაც სცენარის გარეშე, მაგალითად, „რეალითი შოუ” და ვიქტორინები, არ არის ინფორმაციული ხასიათის და არ მოიცავს ჟურნალისტიკას. მათ მსგავსად, ინფორმაციულად არ განიხილება არც დოკუმენტური ფილმები, რომლებიც მსახიობების მიერ სცენურ განხორციელებას მოითხოვს. ამგვარ პროდუქციაზე მომუშავე ჯგუფის წევრები ვერ მიიღებენ ჟურნალისტურ ვიზას. ტელევიზია, რადიო და კინო კომპანიებს შეიძლება მოძებნონ ექსპერტი-კონსულტანტი საიმიგრაციო იურისტი, რომელიც მიმდინარე პროექტისთვის კონკრეტული რჩევებზე სპეციალიზდება.

მხატვრული მედია პროექტი
მედიის წარმომადგენლები, რომლებიც აშშ-ში მიემგზავრებიან მხატვრულ მედია პროექტში (რომელშიც მსახიობები არიან ჩართული) მონაწილეობისთვის, ვერ მიიღებენ ჟურნალისტურ ვიზას. ტელევიზია, რადიო და კინო კომპანიებს შეიძლება მოძებნონ ექსპერტი-კონსულტანტი საიმიგრაციო იურისტი, რომელიც მიმდინარე პროექტისთვის კონკრეტული რჩევებზე სპეციალიზდება.

ვიზის ძირითად მფლობელზე მატერიალურად დამოკიდებული პირები

მეუღლეს ან 21 წლამდე ასაკის დაუქორწინებელ შვილებს, რომელთაც ვიზის ძირითად მფლობელთან ერთად, სრული პერიოდის მანძილზე სურთ შეერთებულ შტატებში გამგზავრება, სჭირდებათ მეორადი I ვიზები. მეუღლეს და/ან შვილებს, რომელთაც არა აქვთ შეერთებულ შტატებში, ვიზის ძირითად მფლობელთან ერთად ცხოვრების განზრახვა, არამედ მხოლოდ მათი არდადეგებზე მონახულება სურთ, შეუძლიათ სტუმრის (B-2) ვიზაზე შეიტანონ განაცხადი.

მეუღლეებს და მატერიალურად დამოკიდებულ პირებს, მეორადი I ვიზებით არა აქვთ შეერთებულ შტატებში მუშაობის უფლება. თუ მეუღლეს ან მატერიალურად დამოკიდებულ პირს მუშაობა სურს, მას შესაბამისი სამუშაო ვიზა დასჭირდება.

განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები

I ვიზაზე განაცხადის შესატანად, უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა. DS-160-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ DS-160-ის ვებგვერდს.
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო მოქმედი პასპორტი, რომლის ვადა შეერთებულ შტატებში ყოფნის თქვენს მიერ განზრახულ პერიოდს, სულ მცირე, ექვსი თვით აღემატება (თუ ქვეყანასთან სპეციფიკური შეთანხმებები გამონაკლისს არ უშვებს). თუ თქვენს პასპორტში ერთზე მეტი პირია ჩაწერილი, განაცხადი უნდა შეიტანოს თითოეულმა პირმა, რომელსაც ვიზის მიღება სურს.
  • ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი (1) ფოტოსურათი 2"x2" (5სმ×5სმ). ფოტოსურათის საჭირო ფორმატის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ვებგვერდზე.
  • ქვითარი, რომელიც ადასტურებს გადახდას, თქვენს მიერ არასაიმიგრაციო ვიზის განაცხადის არაანაზღაურებად მოსაკრებლს, გადახდილია ადგილობრივ ვალუტაში. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის თაობაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებგვერდზე. ვიზის გაცემის შემთხვევაში, შესაძლებელია დაგჭირდეთ ვიზის გაცემის დამატებითი, ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა, თქვენი მოქალაქეობის მიხედვით. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, მოგიწევთ თუ არა ვიზის გაცემის ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა და დაადგინოთ მოსაკრებლის ოდენობა.
  • მუშაობის დამადასტურებელი საბუთი:
    • შტატის ჟურნალისტი: თქვენი დამსაქმებლის წერილი, რომელშიც მითითებულია თქვენი სახელი, თანამდებობა კომპანიაში და აშშ-ში თქვენი გამგზავრების მიზანი და ხანგრძლიობა.
    • შტატგარეშე ჟურნალისტი, რომელიც ხელშეკრულებით მუშაობს მედია ორგანიზაციაში: მედია ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომელშიც მითითებულია თქვენი სახელი, თანამდებობა კომპანიაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა და აშშ-ში თქვენი გამგზავრების მიზანი და ხანგრძლიობა.
    • მედია ფილმის გადამღები ჯგუფი: თქვენი დამსაქმებლის წერილი, რომელშიც მითითებულია თქვენი სახელი, თანამდებობა კომპანიაში, გადასაღები პროგრამის სათაური და მოკლე აღწერა და აშშ-ში თქვენი გამგზავრების მიზანი და ხანგრძლიობა.
    • დამოუკიდებელი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ხელშეკრულებით მუშაობს მედია ორგანიზაციასთან: სამუშაოს დამკვეთი ორგანიზაციის წერილი, რომელშიც მითითებულია თქვენი სახელი, გადასაღები პროგრამის სათაური და მოკლე აღწერა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა და აშშ-ში გადაღებისთვის საჭირო დროის ხანგრძლიობა.

აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა წარადგინოთ გასაუბრების დანიშვნის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ამ მომსახურების საშუალებით დანიშნეთ გასაუბრების დღე. აგრეთვე, თან უნდა იქონიოთ ყველა დამხმარე დოკუმენტი, რომელიც, თქვენი აზრით, ადასტურებს საკონსულოს ოფიცრისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.

როგორ შევიტანოთ განაცხადი

საფეხური 1
გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი.

საფეხური 2
შეავსეთ არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა.

საფეხური 3
ჩაეწერეთ გასაუბრებაზე ამ ვებგვერდის საშუალებით. გასაუბრებაზე ჩაწერისთვის დაგჭირდებათ სამი მონაცემი:

      • თქვენი პასპორტის ნომერი
      • თქვენი საქართველოს ბანკის ქვითრის ნომერი. (თუ ამ ნომრის მოსაძიებლად დახმარება გჭირდებათ, აქ დააწკაპუნეთ.)
      • შტრიხკოდის ათ(10)-ციფრიანი ნომერი თქვენი DS-160 დასტურის ფურცლიდან

საფეხური 4
მიბრძანდით აშშ-ის საელჩოში თქვენი გასაუბრების დღესა და საათზე. თან უნდა იქონიოთ თქვენი გასაუბრების დანიშვნის წერილის ამობეჭდილი ასლი, თქვენი DS-160 დასტურის ფურცელი, ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი ფოტოსურათი, თქვენი ახლანდელი და ყველა ძველი პასპორტი და სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ორიგინალი. განაცხადი, რომელიც ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.

დამხმარე დოკუმენტაცია

დამხმარე დოკუმენტაცია მრავალი ფაქტორიდან ერთ-ერთია, რომელსაც საკონსულოს ოფიცერი გასაუბრების დროს მხედველობაში მიიღებს. საკონსულოს ოფიცრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავენ და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ პროფესიულ, სოციალურ, კულტურულ და სხვა ფაქტორებს. საკონსულოს ოფიცრებმა, შეიძლება, ყურადღება მიაქციონ თქვენს ინდივიდუალურ განზრახვებს, ოჯახურ მდგომარეობას და თქვენს ქვეყანაში შორს მიმავალ გეგმებს და პერსპექტივებს. ყოველი საქმე ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილების მიღება კანონის შესაბამისად ხდება.

გაფრთხილებთ: არ წარმოადგინოთ ყალბი დოკუმენტები. თაღლითობის ან ფაქტების დამახინჯების გამო, ვიზის მიღების უფლება შეიძლება სამუდამოდ ჩამოგერთვათ. თუ საქმე კონფიდენციალურია, დოკუმენტები საელჩოში დალუქული კონვერტით მიიტანეთ. საელჩო აღნიშნულ ინფორმაციას არავისთვის არ გახდის ხელმისაწვდომს და პატივს სცემს მის კონფიდენციალურობას.

გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • პრესის ბარათი/მანდატი
  • თქვენი დამსაქმებლის წერილი, რომელშიც აღნიშნულია თქვენი გამგზავრების მიზანი, აშშ-ში განზრახული ყოფნის ხანგრძლიობა, მასთან მუშაობის სტაჟი და ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება

დამხმარე დოკუმენტაცია ვიზის ძირითად მფლობელზე მატერიალურად დამოკიდებული პირებისთვის

თუ თქვენს მეუღლეს და/ან შვილს ვიზაზე განაცხადი უფრო გვიან შეაქვს, განაცხადს თან უნდა დაერთოს თქვენი ჟურნალისტური ვიზის ასლი.

დამატებითი ინფორმაცია

ჟურნალისტური ვიზების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტს.